ბორჯომის რაიონის ბალანთის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთის XIX საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით  მიიღო.
ეკლესია დგას სოფელში. დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია, ფასადი კაპიტელებითაა გაფორმებული (კაპიტელები ტიპურია მე-19 საუკუნის ჯავახეთში აშენებული ეკლესიების კაპიტელებისა).
აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის ნაწილში სახურავზე დადგმულია ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო. ტაძარი გადახურულია თუნუქით.  პილასტრის კაპიტელები მე-19 საუკუნის ჯავახეთის მონოფიზიტურ ძეგლებზე გამოყენებული პილასტრის კაპიტების იდენტურია. ინტერიერი შელესილი იყო და შეთეთრებული. შეთეთრების ქვეშ გაირჩევა საღებავის რამდენიმე ფერი. საკურთხევლის წინ ხის კანკელია. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში ინახება დიდი ქვაჯვარი.
ტაძარს შემოსდევს ქვის გალავანი.
ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები