სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის დღე მესამედ აღინიშნა

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის დღე აღინიშნა, რომელიც 2016 წელს დაწესდა და წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
დიდი ქართველი მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, სოფელ ხაშმში მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, პოეტებმა და მწერლებმა მოიყარეს თავი.
სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესიაში რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. ხოლო შემდეგ სოფლის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მწერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხაშმის მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
მწერლის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე ისაუბრეს რევაზ ინანიშვილის მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მწერლებმა, რომლებმაც თბილი სიტყვები არ დაიშურეს მისი მისამართით.
სიტყვით გამოვიდნენ: მზია ხეთაგური, ერეკლე საღლიანი, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თამარ შაიშმელაშვილი, გივი შაჰნაზარი, მანანა ჩიტიშვილი, თინა ჭეჟია, ცისანა კვინტრაძე… კომპოზიტორმა ია მაისაიამ აფხაზეთზე საკუთარი სიმღერა შეასრულა.
ღონისძიებას უძღვებოდა გიორგი ფარეშიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები. ასევე თბილისის რევაზ ინანიშვილის სახელობის №159 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებმა წაიკითხეს ნაწყვეტები მწერლის მოთხრობებიდან.
მწერლის მეუღლემ, როზა ინანიშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და რევაზ ინანიშვილის ხსოვნის პატივისცემისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები