დავით სონღულაშვილი: ახალი სასტუმროს გახსნა გურჯაანის განვითარებისთვის არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი
„გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ამ ტურისტული ობიექტის გახსნა უმნიშვნელოვანესია. ეს სასტუმრო ასოცირდება მეღვინეობასთან, მევენახეობასთან”, – ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა „ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნაზე განაცხადა.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სწორედ მეღვინეობის მუნიციპალიტეტია, ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინოები გურჯაანის მუნიციპალიტეტშია და შესაბამისად, სიმბოლურია, რომ ფაფრის მინდვრებზე, რომელიც გამორჩეულია თავისი სახასიათო ღვინოებით, პირველი ასეთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაიხსნა”, – განაცხადა დავით სუნღულაშვილმა.
მისივე თქმით, akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში”, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის” თანადაფინანსებით აშენდა და ის ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის 8 000-წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა, მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას”, KTW ჯგუფს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო კიდევ უფრო დიდი წარმატებები იმისათვის, რომ გაზარდოს როგორც თავისი ინვესტიციები, ისე მისი წარმომადგენლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო პოპულარიზაციას გაუწევს ქართული ღვინის 8 000-წლოვან ისტორიას და ეს კიდევ ერთი ადგილი იქნება, საიდანაც უცხოელი ტურისტები გაიგებენ ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების შესახებ”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. KTW ჯგუფის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია და სასტუმრო სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.