გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი
“ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნაზე განაცხადა.
მან სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით, ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში, შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სასტუმრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო. ეს არის იმ ძალიან დიდი წარმატების ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება. ეს წარმატება ნამდვილად მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ ჩამოვალთ აქ, ვნახავთ ბავშვებს, ხვალინდელი დღის იმედით გაბრწყინებული თვალებით, ვნახავთ წელში გამართულ ქართველ გლეხს, ფერმერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ გაბრწყინებულ საქართველოს, ამ ულამაზესი, ღვთისგან ბოძებული ბუნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, უძველესი, ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის მქონე, ხოლო მეორე მხრივ, პროგრესისა და სინერგიის ქვეყანაა.
„საქართველო არის პროგრესის და სინერგიის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყანა 8 000-წლოვანი მეღვინეობის ქვეყანაა, მეღვინეობის სამშობლო, ყველაზე ძველი ტრადიციის ქვეყანა და მეორე მხრივ, სოლარული ენერგიის სისტემა, ანუ მზის ბატარეების სისტემა ამ სასტუმროში შექმნილი და დამონტაჟებულია ქართველი ინჟინრების მიერ. მინდა, მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს და ინვესტორს, რომელიც საქართველოში ააშენებს ახალ, ლამაზ სასტუმროს, რომ ენდონ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერებს მსოფლიოში – საქართველოს ინოვატორებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, ყველაზე თანამედროვე სისტემების შექმნა. მე მინდა, მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული წარმატებაც,“-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და KTW-ს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.