მარიამ ჯაში ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეთათვის სწავლის ინოვაციური მეთოდის პრეზენტაციას გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს-განვითარების ასოციაციის” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ თემას პროექტის – „ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების” გაცნობა და მისი საპილოტე რეჟიმში გაშვების საკითხები წარმოადგენდა.

ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბესიკ ქარცივაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრს, გუგული მაღრაძეს პროექტის ძირითადი არსი და მისი განხორციელების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტატორის განცხადებით, სწავლების აღნიშნული მეთოდი აპლიკაციების და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით ქართული ენისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებების სწავლებას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, საუბარია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ და სპეციალური მეთოდით სწავლებაზე. ასოციაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ეთნიკური უმცირესობების უფლებებს განამტკიცებს და ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას და დასაქმების საკითხებს.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, პროექტი საინტერესო ინიციატივას წარმოადგენს და შესაძლებელია ქვემო ქართლში მისი საპილოტე რეჟიმში გაშვება. მარიამ ჯაშმა, პროექტის ინიციატორებს, პირველ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მეთოდის დანერგვა შესთავაზა.

„კარგი იქნება პროექტის დაწყება მარნეულიდან თუ მოხდება. მუნიციპალიტეტი აქტიურად უნდა ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და შესაძლოა მერიაში გარკვეული ფართის გამონახვა, სადაც ინოვაციური სწავლების ცენტრი მოეწყობა. შემდგომ ეტაპებზე კი, პროექტი შესაძლებელია სკოლის ბიბლიოთეკებშიც გავრცელდეს, რადგან აღნიშნული ბიბლიოთეკებისთვის საჯარო ბიბლიოთეკის სტატუსის მინიჭება იგეგმება და მოსახლეობას თავისუფლად შეეძლებათ სკოლის ბიბლიოთეკების გამოყენება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მანვე პროექტის ინიციატორებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობა შესთავაზა, რადგან, მისივე განცხადებით, აღნიშნული სკოლა მსგავსი შინაარსის პროექტებს უკვე ახორციელებს და ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია უფრო ეფექტური შედეგის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები