გედევან ფოფხაძე ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე: პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს რეზოლუცია

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე თვლის, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რეზოლუცია უნდა იქნას მიღებული.
როგორც ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა საერთაშორისო მისიებმა სათანადო შეფასება მისცენ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ ფაქტზე.
„ვთვლი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს რეზოლუცია, ეს პოზიცია უმრავლესობაში უკვე ჩამოყალიბებულია და უახლოეს დღეებში, ალბათ, კონსულტაციები დაიწყება. რეზოლუციის განმსაზღვრელი ლაიტმოტივი ალბათ, უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა დიპლომატიურ მისიას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმარონ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ სიტუაციაში გაკეთდეს, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოთხოვნა მაღალ ხარისხში უნდა იყოს აყვანილი, იქით არის აგრესიული ძალა, ჩვენ რა შეჯიბრიც არ უნდა გამოვაცხადოთ შიდაპოლიტიკურ სივრცეში ამ ძალის მიმართ, ნეგატიური ეპითეტებისა და შეფასებებით ეს ამ ძალის რესურსს არ ამცირებს, მთელი მსოფლიო ამბობს იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და, ფაქტობრივად, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანკლავები შექმნა – ეს ფაქტია, მაგრამ რა სანქციებიც არ უნდა მიიღონ რუსეთთან მიმართებაში, რუსეთი ამ სანქციებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გულგრილია. ფაქტობრივად, რაც ხდება ამ ანკლავებში, ეს არის ადამიანის უფლებების ჩრდილოეთ კორეის დონეზე დაყვანა. მოსახლეობა ვინც იქ ცხოვრობს, ყველა მძევლადაა აყვანილი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები