ევროკავშირი: ტატუნაშვილის სიკვდილი სერიოზული აღშფოთების წყაროა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ოფისი, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ხელი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას.
„სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და ორი მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა. სამძიმარს ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი მზად არის, სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
„დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ საშუალება მიეცეთ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაემგზავრონ“. – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა დამატებითი ზომები გამჭვირვალობისა და ნდობის უზრუნველყოფისთვის.
ევროკავშირში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები