მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ინოვაციური და ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონის კარიბჭისა და ჰაბის როლს ასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) რეგიონულ კონფერენციაში „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში”.
მან სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლსა და პოზიციაზე, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. „საქართველო ინოვაციური და ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონის კარიბჭისა და ჰაბის როლს ასრულებს. ქვეყნის შიგნით ეს კონცეფცია ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებში ჰპოვებს ასახვას, ხოლო გარეთ – ის საგარეო პოლიტიკაში ვლინდება. საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება”, – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლაში ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებისა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. მინისტრის განცხადებით ერთი მხრივ, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობის თავისუფლება წარმოადგენს ევროკავშირის სივრცეში საქართველოს ინტენსიური ინტეგრაციის პროცესს.
მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა, რაც ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან, სტანდარტებთან და რეგულაციებთან საქართველოს დაახლოებას გულისხმობს. „ჩვენი სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გრძელდება. მომავალი სამი წლის დღის წესრიგში გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ასევე ჩვენი კანონების, რეგულაციებისა და ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება” – აღნიშნა მინისტრმა.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) კონფერენციის მონაწილეებს საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ესაუბრა „ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებული ცალკე, ჩვენ წარმატებას მხოლოდ თქვენთან ერთად მივაღწევთ, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირსა და რეგიონს შორის დამაკავშირებელ რგოლს და ამ პროცესში თქვენი ქვეყნების როლი დიდია. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ საქართველომ მომავალში ჰაბის ფუნქცია შეასრულოს”- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა CELA-ს, როგორც ინოვაციური პროექტის მნიშვნელობას. მისი შეფასებით პროექტის ფარგლებში იქმნება კარგი შესაძლებლობები რეგიონის ქვეყნების განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი (CELA) წარმოადგენს მულტიკულტურულ ინიციატივას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის წახალისებასა და განმტკიცებას; კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის პროფესიული და საქმიანი კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმების შექმნას.
რეგიონული კონფერენცია „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები