საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City -ის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომპანია Gino Invest-მა საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City -ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, Gino Invest- ის პოტენციური პარტნიორი კომპანიის Ramboll-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს პროექტის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.
საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე Tbilisi eco green city პროექტის განხორციელების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენების კუთხით მსოფლიოში ცნობილი Ramboll group company -ის ჩართულობის საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით Gino green city corporation-ი Gino green city-ის მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც რეკრიაციული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და Gino green city corporation შორის პარტნიორთა შეთანხმება სექტემბერში გაფორმდა.
პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო ქალაქი – Tbilisi eco green city აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა Gino green city-ის შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.
Gino green city corporation სლოვაკურმა კომპანია Gino invest-მა დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.
ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს Gino invest-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს, საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.
Gino invest-ის ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამოდენიმე წელია თანამშრომლობს. ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო Gino welness rabati გახსნა, რომელიც სამცხე – ჯავახეთის რეგიონში წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე Gino peredaiss, აკვაპარკი, რომელიც ამიერკავკასიაში მიჩნეულია როგორც ყველაზე მასშტაბური გასართობი და სარელაქსაციო კომპლექსი. აკვაპარკის საინვესტიციო ვალდებულება 7 მლნ ევროს შეადგენდა, ხოლო ინვესტორის მხრიდან დაიხარჯა 30 მლნ ევრო. Gino invest-მა ახლახანს მცხეთაში, სასტუმრო Gino welness Mtskheta გახსნა. 22 ნომრიანი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით, სპა და ველნეს მომსახურებით დამსვენებელს ულამაზეს ხედს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები