ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. მათივე ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
როგორც ცნობილია, ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რადგან არც ერთი მათგანი თბილისში არ იმყოფება.
შეგახსენბთ, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.