სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების “მოძველებული” წესების მოდერნიზაცია უნდა მოხდეს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ მოვლენებს მიმოიხილავს. საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში რუსეთის ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს, – ნათქვამია სტატიაში. ამასთან, სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვითარება ევროპაში ნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა.
“ჩვენს სამეზობლოში მზარდ არაპროგნოზირებადობაზე საპასუხოდ, ნატომ ყველა მოკავშირის დასაცავად თავდაცვითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობის აღდგენა მოითხოვს ასევე, ევროპის უსაფრთხოების წესების მოდერნიზებას”, – წერს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობა „ცივი“ ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოა.
“ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო აქტივობის გაზრდას, რაც, როგორც ჩანს, მეზობლების რეაქციის შემოწმების მიზნითაც კეთდება”, – აღნიშნავს სტოლტენერგი.
როგორც ალიანსის მდივანი სტატიაში აღნიშნავს, ეუთოს წევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც, შეთანხმდნენ ევროპაში სამხედრო აქტივობის რეგულირების წესებზე, რომელიც დაგეგმილი სწავლების შესახებ წინასწარ შეტყობინებას და მონიტორინგს ითვალისწინებს.
“ეს ზომები ასახავს საერთო პრინციპებს, რომელიც მიმართულია ევროპაში კონფლიქტის არიდებასა და, ამასთანავე, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მანამდე საქართველოში და ასევე მოლდავეთში მეტყველებს, რომ მოსკოვი აღარ მიიჩნევს ამ პრინციპებს ხელშეუხებლად”, – წერს სტოლტენბერგი.
მისივე მოსაზრებით, რუსეთის ქმედებები “გამაფრთხილებელი სიგნალია”.
“ფაქტია, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა. ჩვენ ამ წესების მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ავსახოთ დღევანდელი რეალობა და კვლავ ჩავრთოთ რუსეთი. ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების წესები. ამის გარეშე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობა არ იქნება”, – წერს სტოლტენბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები