რატომ აირჩიეს აქციისთვის “ნაციონალებმა” საკრებულოს ტერიტორია – პეტრე მამრაძემ სააკაშვილი ამხილა

 „დღევანდელი აქცია, ეს იყო სააკაშვილის პირადი ახირების შედეგი“ – ასე შეაფასა ყოფილმა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართული აქცია.
როგორც მან „კვირას“  განუცხადა, ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხის მთავარი მოთხოვნა – სამართლიანობის აღდგენა ვერ შეასრულა და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხალხს მოძღვრავდნენ.
„დღეს, საქართველოში სიტუაცია მართლაც ცუდია. ხელისუფლება მართლაც არის უნიათო. მცირე ნაწილიც კი ვერ შეასრულეს, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ ხალხს ჰპირდებოდნენ. რაც ევალებოდა პარლამენტში უმრავლესობას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათი უნიათობის არის ის, რომ მათ ვერ მოახერხეს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილი, რომელიც სამშობლოს მოღალატეა, ეს “კა-გე-ბეს” ჯარების ეფრეიტორი თავის თანამზრახველებთან ერთად, დღეს ისევ მართავს მიტინგებს. მას ეს შეუძლია. ვინაიდან მართლმსაჯულების აღსრულება შეეხო, ყოფილი ხელისუფლების მხოლოდ მცირე ნაწილს. ნაცისტებმა შეინარჩუნეს ორგანიზაცია, შეინარჩუნეს ის დიდძალი ფინანსები, რომელიც მათ მმართველობის დროს იშოვეს. დღეს ეს ადამიანები, ტრიბუნიდან გაჭირვებულ ხალხს აქციაზე მოძღვრავდნენ. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი იმუქრება, თუ ასე გაგრძელდა „ქოცებს“ და „ნაცებს“ ერთმანეთზე დავაწყობთ და ერთად გავისტუმრებთ ხელისუფლებიდანო. მინდა,  ხალხის ეს სიტყვები კარგად გაიგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მთავრობის კანცელარიის უფროსი „კვირასთან“ საუბრისას, იმ საკითხსაც შეეხო, თუ რატომ აირჩიეს დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა მაინცდამაინც თავისუფლების მოედანი და თბილისის საკრებულოს შენობის წინა მოედანი. პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ საკრებულოს შენობის წინა მოედანზე აქციის გამართვა, სწორედ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახირება იქნებოდა.

„სააკაშვილი ჯერ კიდევ 24 წლის იყო, როდესაც გავიცანი და მე მას კარგად ვიცნობ. მას ფანატიკურად სწამს რომ ტელე-სურათი მსოფლიოს მართავს. ძალაუფლებაში მოსვლას და შემდეგ ძალაუფლებაში დაბრუნებას, შესაბამისი ტელე-კადრი სჭირდება. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია, ეს იყო სააკაშვილის პირადი ახირების შედეგი. მის თანამზრახველებში კი, ეს აქცია იყო ზედმეტი თავის ტკივილი, შარი, ხათაბალა, ფულის ხარჯვა და სხვათაშორის, ეტყობოდათ კიდეც. მათ შემართება აკლდათ. მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მათ გამოსვლებს შემართება აკლდათ. მათ სააკაშვილის წინაშე დღეს მოვალეობა უფრო მოიხადეს, ვიდრე შემართებით იყვნენ. ისინი ასე რომ, არ მოქცეულიყვნენ, როგორც მიშას სურდა, დაურეკავდა და აგინებდა. არადა სააკაშვილმა ძალიან გაიმყარა პოზიციები უკრაინაში თავისი სტატუსის განმტკიცებისთვის. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკრებულოს შენობის წინ აქციის ჩატარება, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს. რათა მსოფლიოსთვის კარგი კადრები ეჩვენებინათ. სააკაშვილს ლოგიკური აზროვნება არ შეუძლია, ის ტელე- კადრებით აზროვნებს”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები