შსს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართ

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შს სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შსს-ს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა, ხოლო საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამის მეთოდოლოგია გააცნო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები