ამერიკის მშვიდობის კორპუსი ბაზალეთის კომპლექსში რესურსების გამოფენას მართავს
ამერიკის მშვიდობის კორპუსის ინიციატივით და USAID–ს თანადაფინანსებით, სასტუმრო ბაზალეთის კომპლექსში „რესურსების გამოფენა“ იმართება. ღონისძიებაში სამთავრობო და არასამთავროო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანია, სხვადასხვა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციები გაცვალოს.
„ეს ყოველწლიური ღონისძიებაა. საქართველოს რეგიონებში მომუშავე ამერიკელი მოხალისეები და მათი ქართველი პარტნიორები არიან წარმოდგენილნი. რესურსების ბაზრობის მიზანია, სოფლებსა და ქალაქებში მეტი ინფორმაცია გავრცელდეს იმ პროექტების შესახებ, რაც ქვეყანაში ხორციელდება. აქ მყოფ ორგანიზაციებს დახლებზე ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები აქვთ წარმოდგენილი. ინფორმაციას ერთმანეთშიც ცვლიან“,– აცხადებს ამერიკის მშვიდობის კორპუსის ტრენინგების მენეჯერი თენგიზ გოგოტიშვილი. ღონისძიებას USAID–ს კავკასიის მისიის დირექტორიც დაესწრო. მისი შეფასებით, „რესურსების გამოფენა“ ორგანიზაციებს კარგ საშუალებას აძლევს, ერთმანეთის საქმიანობის შესახებაც მეტი გაიგონ და შესაძლოა, სამომავლოდ პარტნიორებიც კი გახდნენ.
„ჯანდაცვიდან დაწყებული, განათლებით დასრულებული, ყველა მიმართულებით მიმდინარე ყველა პროექტზე იცვლება ინფორმაცია. შესანიშნავი რესურსია ინფორმაციის მიღების“,– აცხადებს სტივენ ჰეიკინი.
„ამ სახის ღონისძიებებში მუდმივად ვმონაწილეობთ. ეს საშუალებას გვაძლევს, აუდიტორიას, რომელსაც ინფორმაცია არ აქვს, მივაწოდოთ მეტი მასალა ჩვენი ორგანიზაციისა და სერვისების შესახებ. ბუკლეტები, ბროშურები, ინფორმაცია უფასო რეპროდუქციული კაბინეტის შესახებ, რომელიც უფასო პირად და ონლაინკონსულტაციას ეწევა – სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, მოზარდებისთვის, იძულებით გადადგილებული პირებისთვის და ფერტილური ასაკის ქალებისთვის. ასოციაცია „ჰერა XXI“ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს იცავს და ადვოკატირებას უწევს. ვცდილობთ ყველას, ვინც ჩვენს კუთხესთან მოდის სწორედ ამაზე მივაწოდოთ ინფორმაცია“,– აცხადებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ს ექიმი–რეპროდუქტოლოგი ნინო მანგალაძე.
ღონისძიებაში სულ 14 ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორის ამერიკის საელჩო, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების საერთაშორისო ცენტრი, ასოციაცია „ჰერა XXI“ და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაცია.