ქართველი მოხალისეების შენაერთი უკრაინის ცხელ წერტილებში იბრძვის – “საქართველოს ბედი აქ წყდება“ (ფოტოკოლაჟი)

უკრაინაში, მოხალისეებისგან შემდგარი ქართული შენაერთი იბრძვის. ქართველი მებრძოლები, ცხელ წერტილებში უკრაინელ სამხედროებს სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. ქართველი მოხალისეებისგან დაკომპლექტებული შენაერთი უკრაინაში დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩავიდა და მას მერე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
უკრაინელი სამხედროების დახმარების იდეა მამუკა მამულაშვილს ეკუთვნის. მამუკა მამულაშვილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი – 15 წლის იყო იყო, როდესაც მამასთან ზურაბ მამულაშვითან ერთად სოხუმში წავიდა და სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. მამუკა მამულაშვილს “კვირა“ უკრაინაში დაუკავშირდა. როგორც ქართული შენაერთის ხელმძღვანელი აცხადებს, ქართველი მოხალისეები, რომლებიც უკრაინელების გვერდით იბრძვიან, ძირითადად აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან. მისივე თქმით, ქართველები უკრაინელებს ფიზიკურ დახმარებასთან ერთად სამხედრო კონსულტაციებითაც ეხმარებიან.
„როდესაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა, გადავწყვიტე თანამოაზრეებთან ერთად იქ წავსულიყავი და მაქსიმალურად დავხმარებოდით გასაჭირში მყოფ ჩვენს ძმებს. ჩვენი შენაერთის ლოკაციის ადგილი იქ არის, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.10621999_10152368240589779_14804340_n
საბედნიეროდ, ქართულ შენაერთს დანაკარგი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ვართ ჩართული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის ტერორისტების განადგურებაში. ამჟამად ლუგანსკის მისადგომებთან ვართ განლაგებულები, ამასთან ყველა ქალაქში, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, უკრაინის დროშასთან ერთად ქართული დროშაცაა აღმართული“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა მამულაშვილმა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა ერთ-ერთმა ქართულმა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო. რაც შეეხება ქართველი მებრძოლების მიმართ უკრაინის ოფიციალური მხარის პოზიციას, მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან ქართველი სამხედროები მოხალისეების სტატუსით იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინაში, მათი უკრაინულ შენაერთთან შეერთება ვერ ხეხდება და ისინი არცერთ ბატალიონს არ მიეკუთვნებიან.
“სადაც ყველაზე დაძაბულია ვითარება, იმ ტერიტორიაზე მივდივართ და იქ ვიბრძვით, უკრაინაში საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, ბატალიონიდან ბატალიონში გადავადგილდებით. მინდა თქვენი საშუალებით ქართველებს მივმართო, საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდება, გონებრივად თუ ფიზიკურად, ყველანაირი რესურსით ჩვენს უკრაინელ ძმებს დახმარება სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა მამულაშვილმა.

10617367_10152368240574779_2070270340_n

10617496_10152368240579779_744072061_n

10620903_10152368240594779_1361914961_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები