შალვა პაპუაშვილი: ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება

,,კანონის უზენაესობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. როგორც ჩანს შესაძლოა მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არის, როგორც საკუთარ ქვეყანაში და ეს გამოჩნდა კიდევაც მაშინ, როდესაც ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი კეზერაშვილის შერაცხვას მედია გურუდ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება.

„ბელგიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის ცნობილი არის ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ როგორც ჩანს არ ემეტება ზოგიერთ ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, არჩევნები. ზოგს ზოგს როგორც ჩანს მსურს, რომ ის რაც მათთვის კარგია და იუპიტერისთვის კარგი არის, ჩვენ ალბათ ხარები ვართ და არ გვაქვს უფლება რომ ჩვენ გვქონდეს მართლწესრიგი და კანონმდებლობა.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლოებზე ელჩების დასწრებას, მათ შორის გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა, ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და იმ სასამართლო პროცესებზე ჯდება იმ მოსამართლეებთან, რომელსაც მისი ხელისუფლება ასანქცირებს. ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია იქ რომ თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. თუ არა და შეუძლიათ სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია.

ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ ამას მოჰყვება სასჯელი. ეს არის უხეში დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის. ეს არის ზუსტად საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. ამას ადრე სხვანაირად აკეთებდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები