ხულოში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 60 სმ-ია.
ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეცტექნიკა, ადამიანური რესურსი და ყველა შესაბამისი სამსახური.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.