სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიაზე: დიდი ხანია ვითხოვდით „ნაცმოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის გამოძიებას
“ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის გამოძიებას. თუმცა დღეს ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც ამის საჭიროებაც და აქტუალობაც კიდევ უფრო გამოიკვეთა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საქმეა დაგროვებული.
„შარშან იყო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის შემდეგაც ვალდებულებაც კი გვაქვს, რომ ასეთი კომისია შევქმნათ და ერთ-ერთი ასეთი არის „ოჩიგავა-საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიას, ის შეიქმნება ძალიან მალე. კანონით არის განსაზღვრული, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრები. შესაბამისად, თუ შემოვა დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც არ აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ღალატობს თავის ამომრჩეველს, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ თავისი კვოტები და სავარაუდოდ „ხალხის ძალის’’ კვოტა იქნება ერთი ადამიანი. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში ამ კვოტებს ჩვენ ავითვისებთ.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომელიც არის გამოსაძიებელი იმდენი გვაქვს დაგროვებული თუნდაც მარტო ჩემი მოხსენებები, რომ ავიღოთ ან იმ სახალხო დამცველების მოხსენებებიც, რომლებიც ჩემს შემდეგ იყვნენ მარტო ესენია საკმარისი როგორც პოლიტიკური, ისე სისხლის სამართლებრივი გასამართლებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.