გურამ მაჭარაშვილი USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე: ჩვენ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონი” აღსრულებაში მოიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც დაწერა, რომ მინიმუმ 3 თვე საერთოდ აღარ იქნება დაფინანსება
“ჩვენ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონი” აღსრულებაში მოიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ბრძანებით, რომელმაც დაწერა, რომ მინიმუმ 3 თვე საერთოდ აღარ იქნება დაფინანსება და 3 თვის მერეც აღარ ექნებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალური პროცესებისთვის იყენებდნენ ამ ფულს,” – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მხრიდან საგარეო დახმარებების შეჩერებასთან დაკავშირებით “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში “შავი ფულის ტრიალის” აღკვეთის შემდეგ, მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდება.
“ჩვენ კარგად ვიცით რომ, სამწუხაროდ, USAID-ის პროექტები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნის მიუხედავად, მაინც აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის შეძენას, რადიკალურ პროცესებს, რევოლუციური სცენარების სემინარებს. საქართველოსთვის შეიცვლება ის, რომ როდესაც მინიმუმამდე დავა ე.წ. შავი ფულის ტრიალი საქართველოში, აუცილებლად მოხდება, ნელ-ნელა, სტაბილიზაცია,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალი პრეზიდენტის წინა კვირას გამოცემული განკარგულებით, 90 დღის განმავლობაში ჩერდება აშშ-ის საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა.