თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით უახლესი ელექტრომატარებლები იმოძრავებენ

თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებლის ნაცვლად, რომელიც მოძველებული ტიპის საკლასო ვაგონებით იყო დაკომპლექტებული, უახლესი ელექტრომატარებლები იმოძრავებენ.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, რკინიგზის სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება ყველა მოძველებული ვაგონის ახალი ელექტრომატარებლით ჩანაცვლება, მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლება თანამედროვე, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული ჩქარი ელექტრომატარებლებით.
მათივე ინფორმაციით, 1980 წელს დამზადებულ საკლასო მატარებელები ვერ აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტებს. თბილისიდან ბათუმამდე მსვლელობის დრო იყო 8 საათი 30 წუთი. თანამედროვე ელექტრომატარებელი, რომელიც 2013-2014 წლებშია გამოშვებული, 5 საათსა და 15 წუთში ფარავს აღნიშნულ მარშუტს, რაც მგზავრობის ხანგრძლივობას სამ საათზე მეტით ამცირებს. ახალი მატარებლები აღჭურვილია როგორც ცხელი, ასევე ცივი სასმელების და კვების აპარატებით, WI-FI სიტემით. ბოლო თაობის მატარებლები გაცილებით უფრო კომფორტულია ვიდრე ძველი. გაუმჯობესებულია უსაფრთხოების პარამეტრები: მართვის და სამუხრუჭე სისტემები. ძარის ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევის მშთანთქმელებად გამოყენებულია როგორც ჰიდრავლიკური რხევის მშთანთქმელები, ასევე პნევმატური ბალიშები, რაც ხელს უწყობს მგზავრის კომფორტულ გადაადგილებას. ამორტიზაციის სისტემის გაუმჯობესებულმა მუშაობამ განაპირობა ვაგონში ხმაურის შემცირება. “ჩვენ მოვახერხეთ მგზავრებისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის მიწოდება უფრო იაფად, ანუ კიდევ უფრო გავუიაფეთ მგზავრებს ბილეთის საფასური; თანამედროვე მატარებელში ზაფხულის სეზონზე (ორი თვე) 18 % – ით შევამცირეთ, ხოლო არასეზონზე საშუალოდ 30% – ით. საკლასო მატარებლით მგზავრობის ღირებულება პირველ კლასზე შეადგენდა 40 ლარს, ახალ მატარებელში აღნიშნული ფასი 25 ლარამდეა შემცირებული, ხოლო მეორე კლასზე ბილეთის ფასი 23 ლარიდან 18 ლარამდე გაიაფდა. თანამედროვე ელექტრომატარებლებში გაზრდილია სამგზავრო ადგილებიც. ძველი მატარებლის შემადგენლობას ერთ რეისზე მხოლოდ 144 მგზავრი შეეძლო გადაეყვანა, ახალ მატარებელში ადგილების რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რესი, რომლებიც მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს ერთი დღის განმავლობაში ჩავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დედაქალაქსა თუ ბათუმში. ელექტრომატარებლების განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობასთან. ტრადიციულად, ზაფხულის სეზონისათვის შავიზღვისპირეთის მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის მომატებასთან ერთად, გაიზრდება დამატებითი ელექტრომატარებლების რაოდენობაც. ასე რომ, ჩქარი ელექტრომატარებლები, რომლებიც ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს, სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტებს. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი (უფასო WIFI, უფასო სასმელი წყალი და მატარებლებში განთავსებული ვენდინგ აპარატები) და რაც მთავარია მოკლე დროში ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე. ახალი ელექტრომატარებლით რეისის შესრულება საშუალოდ 40%-ით უფრო ნაკლები უჯდება კომპანიას, ვიდრე მოძველებული საკლასოვაგონიანი მატარებლით. ამას განაპირობებს: ნაკლები მსვლელობის დრო, ნაკლები მომსახურე პერსონალი, ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯი, ელექტრომატარებელს არ სჭირდება ცალკე ლოკომოტივი. ეს საკლასო ვაგონები ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემოგვრჩა, აღნიშნული შექმნილი იყო იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა. მოგეხსენებათ მატარებლები ინტენსიურად მოძრაოდნენ საბჭოთა კავშირში შემავალ სხვადასხვა რესპუბლიკლებში, სადაც მგზავრობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღეს მოითხოვდა, რისთვისაც აუცილებელი გახლდათ საძილე ვაგონების მოძრაობა. დღეს მსოფლიოში 5 საათიან გზებზე თანამედროვე ჩქაროსნულ მატარებლებს იყენებენ”, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები