მამუკა მდინარაძე: შეგიძლიათ დამისახელოთ რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს
რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კითხვა რომ დაუსვათ ვინმეს, საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში რა გააკეთა რუსული, რაში გამოადგა რუსეთს და სად წაიწია წინ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა. „ნაცმოძრაობის“ დროს, ხომ იყვნენ ვითომ პროევროპულები, ბევრი მაგალითი, მათ შორის დიდი თემები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების, საწარმოების რუსეთისთვის მიყიდვა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა იყო საჭირო, ტერიტორიების გადაცემა, კოდორი ბრძოლის გარეშე დაუთმეს, როგორ შემოუსაზღვრეს [აგვისტოს ომამდე] ერთი წლით ადრე სამაჩაბლოს ტერიტორია და როგორ დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორ განსაზღვრეს მისი საზღვრები. დღეს რუსები რომ ბორდერიზაციას ეძახიან და არა მხოლოდ რუსები, საზღვრებს რომ ავლებენ, პრეტენზიას რომ წაუყენებ, გვეუბნებიან, თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით მივყვებით ამ წითელ ხაზებსო. მსგავსი კი არა, ამის მეასედი ხარისხის რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს. ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა დიდი ბრძოლის საფასურად და დიდი დარტყმების შედეგად, მაგრამ მაინც, „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა“, – აღნიშნა მდინარაძემ.