ავიაკატასტროფის შემდეგ, აზერბაიჯანი “შავ ყუთებს” გასაშიფრად ბრაზილიაში აგზავნის
25 დეკემბერს, ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდნილი “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის Embraer-190-ის “შავ ყუთებს” ყაზახეთი გასაშიფრად ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს (CENIPA) გაუგზავნის,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, ბრაზილიაში “შავი ყუთების” გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აზერბაიჯანისა და რუსეთის საავიაციო უწყებებთან კონსულტაციების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია არის თვითმფრინავ Embraer-ის მწარმოებელი ქვეყანა, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა.
აზერბაიჯანმა უარი უთხრა რუსეთს AZAL-ის ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რუსულმა მხარემ ოფიციალურად შესთავაზა ამ საქმის სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის მიერ გამოძიება.
“ჩვენ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. რადგან საიდუმლო არ არის, რომ ეს ინსტიტუტი ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება, ინსტიტუტს კი რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ. აქ ობიექტურობის ფაქტორები შეიძლება სრულად არ იყოს დაკმაყოფილებული. უბედური შემთხვევის შემდეგ, რუსეთის მხრიდან სამართლიანი და ადეკვატური ნაბიჯები რომ გვენახა, ალბათ, წინააღმდეგობა არ გვექნებოდა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ აშკარად არის ამ საკითხის დამალვის მცდელობები,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი გროზნოსთან რუსულმა საზენიტო რაკეტამ დააზიანა.