გიორგი კალანდარიშვილი: პოლიტიკური პარტიების არჩევანია, მიიღებენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას
“ეს არის თავად პოლიტიკური პარტიების არჩევანი, მათი უფლება, მიიღებენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად კარგია, თუ პროცესი მეტად ინკლუზიური იქნება და მეტი მხარის მონაწილეობა იქნება პროცესში უზრუნველყოფილი.
„წმინდა სამართლებრივი კუთხით აღსანიშნავია, რომ თუ ვინმე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოლეგია სრულად არის დაკომპლექტებული 300 წევრით. ზოგადად კარგია, თუ პროცესი მეტად ინკლუზიური იქნება და მეტი მხარის მონაწილეობა იქნება ამ პროცესში უზრუნველყოფილი.
პარლამენტის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს შემადგენლობიდან შესაბამისი კვოტების ფარგლებში წარმოდგენილი პირები იქნებიან პროცესში მონაწილეები, რაც თავის მხრივ ისედაც უზრუნველყოფს ინკლუზიურ პროცესს, მაგრამ მრავალპარტიული მონაწილეობა თავის მხრივ მისასალმებელია“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.