არჩილ გორდულაძე: რადიკალები მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით არის გამორჩეული
“რადიკალები მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით არის გამორჩეული. ჩვენ მათ ნაცვლად უნდა მოვუხადოთ ბოდიში მას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ დეკანოზ შალვა კეკელიას მისამართით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს არც საკუთარი ოჯახი, ქვეყანა არ უყვართ, არც რწმენა აქვთ და არც ეკლესიის პატივისცემა.
„მართალია ბოლო დღეებში შემცირდა სისტემური აგრესია, რომელიც ასეთი ინტენსივობით ხდება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს ვნახეთ კიდევ უფრო საშინელი ფაქტი, როდესაც ეგზალტირებული ადამიანები პირდაპირ მიცვივდნენ ეკლესიაში, სასულიერო პირს შეურაცხყოფა მიაყენეს. ესეც არ არის გასაკვირი ამ ხალხისგან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ ადამიანებმა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს შუა ქუჩაში და რიტუალი ჩაატარეს. მეორე რიტუალი ვნახეთ, მჩხიბავის მიერ რაღაც შავი მაგიის თუ რაღაც რიტუალური ქმედება განახორციელა. ახლა საერთოდ იქამდე მივედით, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და ადამიანს, რომელიც მთელ ქალაქში დაფასებულია და ხალხის სიყვარულით არის გამორჩეული, განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ მათ ნაცვლად უნდა მოვუხადოთ ბოდიში ასეთ ადამიანს, რომელიც სულიერად ცდილობს წარუძღვეს მრევლს, რომელიც ასე მრავალია მის ეკლესიაში.
ეს არის მათი სახე. ამ ადამიანებს არც საკუთარი ოჯახი, ქვეყანა არ უყვართ, არც რწმენა აქვთ და არც ეკლესიის პატივისცემა, მაგრამ გამოირჩევიან ცრუ ნარატივებით, განცხადებებით. საუბრობენ ვითომ დემოკრატიაზე, პროევროპულობაზე, დასავლეთზე. მთავარი ავიწყდებათ, რომ უნდა იყვნენ ტოლერანტულები განსხვავებული აზრის მიმართ. პატივი უნდა სცენ სხვისი აზრის გამოხატვის უფლებას, რელიგიურ თავისუფლებებს და თავი უნდა დაანებონ პირველ რიგში სხვისი უფლებების დარღვევას. მაგრამ ეს ხომ მათი სისტემის ნაწილია. რა ქნან, მათიც უნდა გავიგოთ. ღმერთმა დაგვიფაროს რეალურად ჩავწვდეთ მათ ზრახვებს და ფიქრებს, მაგრამ გასაგებია მათი ქმედებებიც. უბედურები არიან ეს ადამიანები, რადგან იმართებიან გარკვეული ძალების მხრიდან, ასრულებენ დავალებებს და მერე ამ დავალებების შესრულება სამწუხაროდ, სისტემურ ძალადობაში გადადის“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.