მდინარაძე – პიროტექნიკის გამოყენებაზე: ჩვენ სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე, პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა
“საკანონმდებლო ორგანო მოქნილი უნდა იყოს, რომ როდესაც სახეში ესვრიან სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და პოლიციელები მძიმე დაზიანებებს იღებენ, ამისგან დავიცვათ სახელმწიფო, პოლიციელიც და ის ხალხი, ვინც სამშობლოს რეალურად ემსახურება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.
„კანონი იმისთვის არის და მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, რომ როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელსა და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და პოლიციელები მძიმე დაზიანებებს იღებენ, მართალია, მერე ამას არავინ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს და სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფო, პოლიციელიც და ის ხალხი, ვინც სამშობლოს რეალურად ემსახურება. თუმცა, აქ მხოლოდ სამშობლოს მსახურებაზე არ არის საქმე. ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა. დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და ეს თურმე, არაფერი არ არის. რეალურად ეს ადამიანები, შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას“, – განაცხადა მდინარაძემ.