კაცი, რომელმაც, სიყვარულის გამო, 4000 მილი ველოსიპედით გაიარა
არაჩვეულებრივ მოგზაურობაში, რომელიც შეიძლება, ზღაპარი გეგონოს, ინდოელმა მხატვარმა ველოსიპედით 4000 მილი გაიარა, რათა თავისი ცხოვრების სიყვარული მოეძებნა. პრადიუმნა კუმარ მაჰანანდიას თავგადასავალი ადასტურებს, რომ სიყვარულმა საზღვრები არ იცის.
პრადიუმნა კუმარ მაჰანანდია — ცნობილი, როგორც PK — დაიბადა 1949 წელს ინდოეთის შორეული სოფლის ღარიბ ოჯახში. მიუხედავად გაჭირვებისა და სოციალური ბარიერებისა, მან არ თქვა უარი საკუთარ გატაცებაზე და დროთა განმავლობაში, პორტრეტების საკმაოდ კარგი მხატვარი გახდა.
1975 წელს მას დელიში ეწვია ახალგაზრდა შვედი ქალი, სახელად შარლოტა ფონ შედვინი. PK-ს ნიჭით მოხიბლულმა ქალმა სთხოვა, დაეხატა მისი პორტრეტი. ამ პროცესის განმავლობაში, ისინი ერთმანეთთან საუბრობდნენ და ღრმა კავშირიც აღმოაჩინეს. მხატვარს სჯეროდა, რომ სწორედ შარლოტა იყო ის ქალი, რომელიც მას ბავშვობაში უწინასწარმეტყველეს. ეს წინასწარმეტყველება კი, შემდეგნაირად ჟღერდა: „შენ დაქორწინდები შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ ქალზე, რომელიც დაიბადა კუროს ზოდიაქოს ნიშნით.“ შარლოტა ყველა დეტალს ერგებოდა.
რამდენიმე კვირის ერთად გატარების შემდეგ შარლოტამ PK შვედეთში, ოჯახის გასაცნობად მიიწვია, თუმცა, მამაკაცი, რომელსაც მოგზაურობისთვის ფული არ ჰქონდა, ინდოეთში დარჩა. შარლოტა, საბოლოოდ, დაბრუნდა შვედეთში, მაგრამ მათი სიყვარული გაგრძელდა. წყვილმა წერილები გაცვალა და ერთად ყოფნის პირობაც დადო.
1978 წელს PK-მ თამამი გადაწყვეტილება მიიღო: მან გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, იყიდა ველოსიპედი და დაიწყო მოგზაურობა, რომელიც საოცარ მონდომებას, უცხო ადამიანების მიერ გაკეთებულ სიკეთესა და ჭეშმარიტი სიყვარულისადმი მხატვრის ურყევ რწმენას ეფუძნებოდა.
ამ თავგადასავალმა PK მრავალ ადგილას მოახვედრა, მათ შორის, ავღანეთში, ირანში, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ის გზად ხვდებოდა კეთილ ადამიანებს, რომლებიც სთავაზობდნენ საკვებს, თავშესაფარსა თუ სხვაგვარ დახმარებას.მხატვრის მიერ მოყოლილი სიყვარულისა და მონდომების ისტორია ხალხს გულს უთბობდა და მათ ამ ისტორიის გულშემატკივრად აქცევდა.
ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ PK ჩავიდა შვედეთში, სადაც შარლოტასთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო. სიყვარულმა, რომელიც საზღვრებს სცილდებოდა, გაიმარჯვა და გადალახა ყველა ბარიერი, რომელიც შეყვარებულ მხატვარს მიზნისკენ სავალ გზაზე შეხვდა. ისინი მალევე დაქორწინდნენ, პრადიუმნას მხატვრობის ნიჭმა კი, აღიარება მოიპოვა. ეს ისტორია დღემდე შთააგონებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მათ სიყვარულისთვის საბრძოლველად განაწყობს.