როდის გამოჩნდა პირველი „მაუსი“
1968 წლის 9 დეკემბერი კომპიუტერის „მაუსის“ დაბადების დღედ ითვლება. სწორედ ამ დღეს ამერიკელმა გამომგონებელმა, დუგლას ენგელბარტმა, სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტიდან, სან-ფრანცისკოს კომპიუტერულ კონფერენციაზე მსოფლიოში პირველი კომპიუტერული „მაუსი“ წარადგინა.
ეს გამოგონება გახლდათ ბორბლებზე დამაგრებული ხის კუბი, რომელსაც ერთი ღილაკი გააჩნდა. კომპიუტერის „მაუსი“ საკუთარ სახელს გამობმულ მავთულს უნდა უმადლოდეს – გამომგონებელს ის ნამდვილი თაგვის კუდს აგონებდა.
კომპანია Xerox ენგელბარტის იდეით დაინტერესდა. კომპანიის მკვლევრებმა შეცვალეს „მაუსის“ დიზაინი და ის თანამედროვეს დაემსგავსა. 1970-იანი წლების დასაწყისში Xerox-მა პირველად წარმოადგინა „მაუსი“, როგორც პერსონალური კომპიუტერის ნაწილი. მას ჰქონდა სამი ღილაკი, ბურთი, ლილვაკები და ღირდა 400$.
1983 წელს Apple-მა გამოუშვა ერთღილაკიანი „მაუსის“ საკუთარი მოდელი, რომლის ღირებულება 25 $-მდე შემცირდა. „მაუსმა“ ფართო პოპულარობა მოიპოვა Apple Macintosh-ის კომპიუტერებში და მოგვიანებით, სხვა კომპანიების პროდუქტებშიც.
თანამედროვე კომპიუტერული „მაუსები“ იყოფა ორ ტიპად: მექანიკური და ოპტიკური. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა, თითქმის, მთლიანად შეცვალა პირველი, რადგან მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა.
დუგლას ენგელბარტი დაიბადა 1925 წელს ორეგონში. ბიჭის მამა რადიოებს აკეთებდა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ენგელბარტმა თქვა, რომ მისი ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ წარმოიშვა არა მშობლის საქმიანობის გავლენის გამო, არამედ მოგვიანებით, საშუალო სკოლაში… მაშინ მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, მოზარდმა გაიგონა, თუ როგორ საუბრობდნენ რადარის შესახებ და ამით დაინტერესდა.