“რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ჩვენი თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლებას” – ნინო წილოსანი
“რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ჩვენი თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლებას”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამოხატვის უფლებას. დღესაც, ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარე აქციას. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები დიდ წილად არ არიან ჩვენი ამომრჩევლები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩემი დიდი პატივისცემა მათ მანამ, სანამ ეს აქცია გადაიზრდება რაიმე ძალადობრივ ფორმებში. ჩვენ ვიხილეთ დღეები, როდესაც ეს აქცია უკიდურესად ძალადობრივი იყო და ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების პროცესებს ემსგავსებოდა. გუშინ ერთ-ერთი მძიმე დღე იყო, თავად აქციის მონაწილეებისთვის, ვინაიდან წინა ორი დღე საკმაოდ მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ბევრ ადამიანს, მათ შორის, ახალგაზრდებს ეგონათ, რომ გადიოდნენ ასეთივე მშვიდობიანი სტილის აქციაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში ვნახეთ რომ პროვოკაცია მოეწყო. სანამ პოლიცია გამოიყენებდა აქციის დაშლის მოწოდებას და იმ საშუალებებს, რომლებიც კანონით არის ნებადართული, ერთი საათით ადრე უკვე ხდებოდა ამ აქციის პროვოცირება. პიროტექნიკის გამოყენება, რომლითაც პოლიციელი დაშავდა.
მინდა, მაყურებელსაც ავუხსნა, წარმოიდგინოს რამხელა დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, იმდენად ძლიერია, რომ პარლამენტის მიმართ ნასროლმა პიროტექნიკამ გატეხა ფანჯარა და ერთ-ერთ ოთახში გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. ასეთი სიძლიერის იარაღის დამიზნება ხდება პოლიციელებზე და შემდგომ ვინმეს უკვირს რომ გარკვეული სპეციალური საშუალებები მიიღება პოლიციის მხრიდან“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.