“არაფერი დაგვიშავებია საიმისოდ, რომ საქართველო და, მით უმეტეს, მისი მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან იყვნენ შეზღუდული” – ვოლსკი
“არაფერი დაგვიშავებია საიმისოდ, რომ საქართველო და, მით უმეტეს, მისი მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან იყვნენ შეზღუდული, ევროპული სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები ევროპისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის ბრძოლის ველზეც”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„კონკრეტული პუნქტებია, სადაც ძლიერი პოზიცია გვაქვს. საქართველო ასრულებს იმ შეთანხმებებს, რომელიც ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის მოცემას უძღოდა. რევერანსი არ იყო, ეს იყო საქმიანი მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის ვართ მზად, რასაკვირველია, სამოქმედო გეგმის ნებისმიერ პუნქტთან დაკავშირებით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის თემაზე.
ეს არის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენს სამეზობლოში არის ქვეყნები, ვისთანაც გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებთანაც პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია არაღიარების პოლიტიკა – ასეთია აზიის ქვეყნები. მათთან გვაქვს სავიზო რეჟიმი, მაგრამ ევროკავშირს ეს რეჟიმი მათთან არ გააჩნია და რასაკვირველია, საფრთხედ განიხილავენ, რომ ვინმეს შეუძლია ისეთი შევიდეს ევროპულ ტერიტორიაზე, რომლის შემოსვლასაც არ მიესალმებიან, მაგრამ აქ არის მთავარი თემა – საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ, მაგალითად ჩინეთის მოქალაქეს ან ვთქვათ, დომინიკის მოქალაქეს ეს საქართველოს გავლით არ შეუძლია გააკეთოს. საქართველოს მოქალაქეობის გაცემაზე ევროკავშირთან საკმაოდ საფუძვლიანი საუბარი შეგვიძლია და ამასთან დაკავშირებით ჩვენთან პრეტენზია არ აქვთ. დოკუმენტებზე კონტროლი, მოქალაქეობის საკითხებზე კონტროლი, ეს მუხლი საკმაოდ კარგად არის შეთანხმებული და კარგად მუშაობს და აქ, ჩვენთან, პრეტენზია არ არსებობს, – განაცხადა გია ვოლსკიმ.