ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს, სადაც აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მათი თანამშრომელი იყო.

“დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

თავდაპირველად, “ჯიპიაი ჰოლდინგი” წერდა, რომ ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ტექსტი ოჯახის თხოვნით ჩასწორდა.

ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის შვილიც გამოეხმაურა.

“ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – წერს გადაცვლილი ქალის შვილი თამუნა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები