ნიუ-იორკში ორი ექსტრემალი „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ 443 მეტრის სიმაღლის ანძაზე ავიდა და ბანერი გაშალა წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს სძლევს, მსოფლიო მშვიდობას შეიცნობს.“
გავრცელებული კადრების მიხედვით, ბანერის გაშლის შემდეგ მამაკაცმა ქალს ქორწინება სთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის თანამშრომლებმაც ისინი ანძიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს.
დაკავებულები რუსი ექსტრემალი ფოტოგრაფები – ანჯელა ნიკოლაუ და ვანია ბირკუსი არიან. ისინი ცნობილები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ცათამბჯენზე უნებართვო ასვლებით და მათი ისტორია 2024 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც აისახა.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოახერხა წყვილმა „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლით ასვლა.
სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდება წარადგინეს, მათ შორის უკანონო შეღწევის, სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა და სხვა სამართალდარღვევების მუხლებით.