ახალგაზრდა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა — ლუი ბრაილის ისტორია
ახალგაზრდა ბიჭმა, ლუი ბრაილმა, რომელსაც მხედველობა დაკარგული ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ ბედს შეჰგუებოდა, შექმნა კითხვისა და წერის რევოლუციური სისტემა, რომელმაც მხედველობადაკარგულთათვის ცოდნის სამყარო გახსნა და მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
ლუი ბრაილი დაიბადა 1809 წელს საფრანგეთში, კუპრეიში. სამი წლის ასაკში მამამისის ტყავის სახელოსნოში თამაშის დროს შემთხვევით თვალი დაიზიანა. ჭრილობა დაინფიცირდა და ინფექცია მეორე თვალზეც გავრცელდა, რის გამოც ის ხუთი წლის ასაკში სრულიად დაბრმავდა.
მიუხედავად ამისა, ლუის მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის სრულყოფილი ცხოვრება მიეცათ. ბავშვი სკოლაში წარმატებას აღწევდა და სწავლის შესანიშნავ უნარებსაც ავლენდა.
10 წლის ასაკში ლუიმ მოიპოვა სტიპენდია პარიზის მხედველობადაქვეითებული ახალგაზრდების სამეფო ინსტიტუტში. იქ ის გადააწყდა იმ უხერხულ მეთოდებს, რომლებსაც უსინათლო სტუდენტების სწავლებისას იყენებდნენ. სისტემა ტლანქი და არაპრაქტიკული იყო. 1821 წელს ფრანგმა ჯარისკაცმა, სახელად ჩარლზ ბარბიემ „ღამის წერის“ სისტემა შემოიღო, რომელიც სიბნელეში ჩუმად კომუნიკაციისთვის შექმნა. მიუხედავად ინოვაციურობისა, ეს სისტემა ზოგადი გამოყენებისთვის ძალიან რთული გახლდათ, თუმცა ბარბიეს შრომით შთაგონებულმა ლუიმ მარტივი და ეფექტური მეთოდის შემუშავება დაიწყო.
15 წლის ასაკში ლუიმ დაასრულა თავისი სისტემა, რომელიც ასოებს, რიცხვებსა და პუნქტუაციას წარმოადგენდა. რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი, რომელიც დღეს ბრაილის სახელით არის ცნობილი, ადვილად შესასწავლი იყო და უსინათლოებს საშუალებას აძლევდა, სწრაფად წაეკითხათ და დაეწერათ.
თავდაპირველად, სისტემა წინააღმდეგობას შეხვდა მასწავლებლებისა და ინსტიტუტების მხრიდან, მაგრამ ლუი მუშაობას აგრძელებდა. მან ბრაილის შრიფტით პირველი წიგნიც კი გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ბრაილი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1852 წელს მისმა გამოგონებამ თანდათან მოიპოვა აღიარება. მე-19 საუკუნის ბოლოს ბრაილი მხედველობადაკარგული ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში განათლების სტანდარტული სისტემა გახდა.