კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა და მხატვარი გახდა — ჯონ ბრამბლიტის ისტორია

ჯონ ბრამბლიტის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც 30 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა. მან სწორედ მაშინ აღმოაჩინა მხატვრობისადმი გატაცება და საერთაშორისო აღიარებული მხატვარიც გახდა.

ჯონი ტეხასის შტატში, ელ-პასოში დაიბადა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით 2001 წლამდე, სანამ ეპილეფსიის გართულებამ მხედველობა მთლიანად დაუკარგა. ჯონს შინაგანად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ არ გატყდა. მოგვიანებით, მან აღწერა მხედველობის დაკარგვის შემდგომი პერიოდი, როგორც სიბრაზის, დეპრესიისა და იზოლაციის პერიოდი.

თუმცა, ამ სასოწარკვეთილების დროს მან რაღაც არაჩვეულებრივი აღმოაჩინა — ეს ხელოვნება გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არასდროს დაეხატა, ჯონმა გადაწყვიტა, ეცადა. ტექსტურირებული საღებავების გამოყენებითა და შეხების შეგრძნებით, მან ტილოზე ხატვა დაიწყო. გარდა ამისა, შეიმუშავა ფერების იდენტიფიცირების მეთოდი, სხვადასხვა საღებავის ტექსტურის შეგრძნებით, რაც მათი ზუსტად შერევის საშუალებას აძლევდა.

ჯონის პირველი ნახატები მარტივი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, უნარები განუვითარდა. მისი ნამუშევრები ენერგიული და ემოციური გახდა. ჯონი აღბეჭდავდა არა მხოლოდ მის გარშემო არსებულ სამყაროს, არამედ მის პირად მოგზაურობასაც ამ სამყაროში.

სილამაზისა და სიღრმის გამო, ჯონის ნამუშევრებმა სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახატები 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოიფინა და მრავალი ჯილდოც მოიპოვა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

საკუთარი ხელოვნებით, ჯონ ბრამბლიტი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და შემოქმედების დამცველი; მან აჩვენა მსოფლიოს, რომ ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რისი დანახვაც თვალებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები