საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
„ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი დიდი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ჩვენ გვაქვს ილია ჭავჭავაძის კაბინეტი მისი პირადი ბიბლიოთეკითა და მაგიდით, მაგრამ ამ შენობის ფასადი არ არის კარგ მდგომარეობაში, რაშიც მერიის თანადგომა დაგვჭირდება“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან ერთად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, გამოცემები, საჯარო ლექციები. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სამიზნე ჯგუფი სწორედ ახალგაზრდობაა. ამ თანამშრომლობის შედეგებს, იმედია, მალე ვიხილავთ“, – თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.