კაცი, რომელმაც სისუსტე სიძლიერედ გარდაქმნა — ნიკ ვუიჩიჩის საოცარი ამბავი
კიდურების გარეშე დაბადებული ნიკ ვუიჩიჩი ამ სამყაროში თვალის გახელის მომენტიდან წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ შეძლო, სისუსტე სიძლიერედ გარდაექმნა და სხვა ადამიანებისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლო გამხდარიყო.
ნიკი 1982 წელს მელბურნში ტეტრა-ამელიის სინდრომით დაიბადა. მას ნაწილობრივ გააჩნდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო თითების გაყოფისაკენ, ბავშვს სიარულის, ცურვის, სკეიტბორდზე და სერფინგის დაფაზე სრიალის, კომპიუტერთან მუშაობისა და წერის საშუალება მიეცა. მან გამოიარა ბულინგი, მარტოობა და დეპრესია… ერთ მომენტში სიცოცხლის დასრულებაზეც კი ფიქრობდა, თუმცა ოჯახის მხარდაჭერისა და თვითრწმენის წყალობით, ყველაფერი საპირისპიროდ შემოატრიალა. მან გაიაზრა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება, გქონდეს მიზანი და კიდურების არქონამ ამაში ხელი არ უნდა შეგიშალოს.
ნიკმა გადაწყვიტა, თავისი გზავნილი და აზრები ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინა და თავიდან, 17 წლის ასაკში მცირე ჯგუფებთან დაიწყო საუბარი. მისმა გამოსვლებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ახალგაზრდამ სწრაფად მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება თავისი იუმორის, თავმდაბლობისა და საკუთარი ისტორიების გამო. მან საკუთარი არაკომერციული ორგანიზაციაც კი დააარსა — „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“).
იგი მთელ მსოფლიოში გამოდის მოტივაციური სიტყვებით, მისი გამოსვლები ფოკუსირებულია იმედსა და ცხოვრების აზრის ძიებაზე. საუბრობს, აგრეთვე, თვითრწმენაზე და აღნიშნავს, რომ ღმერთი ცვლის ადამიანის გულს და აძლევს მას შესაძლებლობას, დაძლიოს ყველანაირი სირთულე.
2005 წელს ნიკ ვუიჩიჩი ნომინირებული იყო „წლის ახალგაზრდა ავსტრალიელის“ პრემიაზე. მისი პირველი წიგნი სახელწოდებით — „Life Without Limits: Inspiration for a Ridiculously Good Life“ — გამოქვეყნდა 2010 წელს. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „პეპლის ცირკი“, რომელის Doorpost Film Project-ის მთავარი პრიზის გამარჯვებული გახდა. 2010 წელს ფილმმა Method Fest Independent Film Festival-ზე გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მამაკაცის როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში; აგრეთვე Feel Good Film Festival-ზე მიიღო ჯილდო, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. 2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი — კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი, შემდეგ კიდევ 3 შვილი.
ნიკი დღესაც აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საზოგადოების აღქმის შეცვლას და შთააგონებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში, იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით.