ჯეინ ოსტინი – სოციალური სატირის დიდოსტატი
ჯეინ ოსტინი სოციალური სატირითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟებითაა ცნობილი. მისი ნამუშევრები, მათ შორის, „სიამაყე და ცრურწმენა“ ასახავს კლასების, ქორწინებისა და ზნეობის ნიუანსებს მაშინდელ ინგლისში. ოსტინის მახვილგონიერებამ და დაკვირვებებმა, იგი ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად აქცია. მისი რომანები დახვეწილად აკრიტიკებდა ქალთა მიმართ არსებულ სოციალურ მოლოდინებს და ხაზს უსვამდა სიყვარულისა და ურთიერთობების სირთულეებს.
ოსტინი სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინამორბედად ითვლება. მცირე ბიოგრაფიული ცნობები ჯეინ ოსტინის ცხოვრების შესახებ მისი წერილებიდან და ოჯახის წევრების ჩანაწერებიდან შემოგვრჩა. მწერალმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, 3000 წერილი დაწერა, რომლიდანაც მხოლოდ 160-მა მოაღწია ჩვენამდე. უმეტესი მათგანი ოსტინმა დას, კასანდრას მისწერა.
ჯეინ ოსტინის დაიბადა 1775 წლის 16 დეკემბერს სტივენტონში, ჰემფშირში. ის შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამა, ჯორჯ ოსტინი მსახურობდა სტივენტონის ანგლიკანურ ეკლესიაში.დედა, მისის ოსტინი დიასახლისი იყო,რომელიც გამუდმებით თავისი ქალიშვილის, ჯეინის გათხოვებას ლამობდა.
სიცოცხლის განმავლობაში, ოსტინი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მეგობრებთან და მეზობლებთან. არ ტოვებდა არც ერთ მეჯლისს, რომელიც მახლობლად იმართებოდა და ხშირად ხმამაღლა უკითხავდა ახლობლებს საკუთარ ნოველებს. როგორც მისი ძმა, ჰენრი იხსენებდა, ჯეინს ძალიან უყვარდა ცეკვა და კარგადაც გამოსდიოდა.
მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთი წლით უფროს დასთან, კასანდრასთან, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე იყო.
1783 წელს ჯეინი და კასანდრა მამამ ოქსფორდში გაგზავნა მისის ენ ქოვლისთან სასწავლებლად, მაგრამ ამავე წლის შემოდგომაზე ორივე შინ დაბრუნდა. მიზეზი ტიფის დაავადება იყო, რამაც ჯეინი სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა. ისინი სწავლას სახლში განაგრძობდნენ იქამდე, ვიდრე 1785 წელს ქალაქ რედინგის ქალთა სასწავლებელში არ გაგზავნეს, სადაც ასწავლიდნენ ფრანგულ ენას, ქარგვას, ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას. თუმცა, 1786 წლის დეკემბრამდე გოგონებს სახლში დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი ამჯერად სასწავლებლის მაღალი გადასახადი გახდა, რისი შესაძლებლობაც ჯორჯ ოსტინის მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახს არ ჰქონდა.
ჯეინ ოსტინმა და მისმა და-ძმამ განათლების მიღება სახლში, წიგნებიდან დაიწყეს. ჯორჯ ოსტინი არ ყოფდა მათ სქესის მიხედვით, ამიტომაც ჯეინი ძმების წიგნებიდანაც ბევრს სწავლობდა. ის იყენებდა როგორც მამის, ასევე ოჯახის მეგობრების ბიბლიოთეკებს.
ჯორჯ ოსტინს ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა ქალიშვილის „სარისკო“ ექსპერიმენტების მიმართ, ამიტომაც დებს დაუნანებლად ამარაგებდა ძვირად ღირებული ქაღალდით და საწერ-სახატავი მასალებით.
ჯეინის ბავშვობაში მისი ოჯახი და სანათესავო ხშირად აწყობდა თეატრალურ წარმოდგენებს სახლში, რომელთა უმეტესობა კომედიურ ჟანრს განეკუთვნებოდა. სწორედ ამით ხსნიან ჯეინის წერის მანერას და მის ნოველებში გამოყენებულ იუმორს, ირონიასა თუ სატირას. ცნობილია, რომ მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში სცადა დრამატული ნაწარმოების დაწერა.
როდესაც ჯეინ ოსტინი 20 წლის იყო, მეზობელს სტივენტონში სტუმრობდა ტომ ლეფროი 1795 წლის იანვრიდან 1796 წლის დეკემბრამდე. მას უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ემზადებოდა ლონდონში გადასასვლელად, რათა იქ ადვოკატის პროფესიას დაუფლებოდა. ლეფროი და ოსტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, მეჯლისზე ან სოციალურ შეკრებაზე შეხვდნენ და კასანდრასადმი მიწერილი წერილებიდან ცნობილია, რომ ერთად დიდ დროს ატარებდნენ.
ოსტინის გადარჩენილი წერილებიდან ირკვევა, რომ ის კასანდრას ხშირად წერდა ტომ ლეფროის შესახებ და ახასიათებდა მას, როგორც „კარგი შესახედაობის, სასიამოვნო, ჯენტლმენ ახალგაზრდას“. მიუხედავად იმისა, რომ პირად წერილებში ოსტინი ხშირად ირონიულად იხსენიებდა ტომ ლეფროისთან დაკავშირებულ საკითხებს და ყველაფერ რომანტიკულსა თუ სენტიმენტალურს, აშკარაა, რომ მათ შორის არსებობდა გარკვეული კავშირი. თუმცა, არცერთი ოჯახისთვის არ იყო პრაქტიკული მათი ქორწინება: არცერთს ჰქონდა ფული, ლეფროი კი, დამოკიდებული იყო დიდ ბიძაზე, რომელიც ირლანდიაში ფინანსური მოხელე გახლდათ და მის სწავლა-განათლებას უზრუნველყოფდა.
1800 წლის დეკემბერი ჯორჯ ოსტინი მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რის გამოც მოუწია სტივენტონის დატოვება და ქალაქ ბათში გადმოსვლა. ჯეინზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა. მის შემოქმედებაშიც 1801–1804 წლები ყველაზე უნაყოფოა. 1803 წელს სცადა, მუშაობა ახალ რომანზე დაეწყო, მაგრამ მამა მალევე გარდაეცვალა, ნაწარმოები კი, დაუმთავრებელი დარჩა. 1802 წელს ჯეინ ოსტინმა ყველასთვის დანამდვილებით ცნობილი ქორწინების შემოთავაზება მიიღო თავისი მეგობრის ძმისგან, ჰარის ბიგ-ვიტერისგან მათთან სტუმრობისას. ჰარის ოქსფორდის უნივერსიტეტი ახლად დამთავრებული ჰქონდა. ოსტინი დასთანხმდა პრაქტიკული მიზეზების გამო: ქორწინებით ჯეინი შეძლებდა ოჯახის დახმარებას, დისთვის მუდმივი საცხოვრებლის გამოძებნას, საკუთარი ცხოვრების კომფორტით უზრუნველყოფას და ძმის კარიერისთვის ხელშეწყობას. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ არ ვიცით, არ შემოგვრჩა მისი დამოკიდებულება თუ ჩანაწერი ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით.
1814 წელს ჯეინს ბიძაშვილი, ფანი ნაითი წერილში სთხოვდა, მიეცა მისთვის რაიმე რჩევა სერიოზულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხა, რომ მანამდე არ დასთანხმებოდა ადამიანს ქორწინებაზე, სანამ ნამდვილად არ მოეწონებოდა, რადგან „ქორწინება სითბოსა და გრძნობის გარეშე არაფერია“ — წერდა ის.
1806 წელს ოსტინი ოჯახთან ერთად ძმასთან, ფრენკ ოსტინთან გადავიდა საცხოვრებლად საუთჰემფტონში.
დაახლოებით, 1809 წელს ოსტინის ძმამ, ედუარდმა დედას და დებს შესთავაზა, დასახლებულიყვნენ კოტეჯში, რომელიც ჩავტონის სოფელში მდებარეობდა და მის მფლობელობაში შედიოდა ჩავტონის მამულთან ერთად. ოჯახმა დაიმკვიდრა თავი ამ სახლში და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. როგორც მათი ძმისშვილი, ანა წერს ისინი წყნარად ცხოვრობდნენ, დიდებული მკითხველები იყვნენ და ხშირად პატარებსაც ასწავლიდნენ კითხვას.
ოსტინმა თავი შეუძლოდ იგრძნო 1816 წლის დასაწყისში, მაგრამ ავადმყოფობის ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია. ის აგრძელებდა მუშაობას ნოველებზე 1817 წლის შუა ხანებამდე, მაგრამ 18 მარტს უკვე საბოლოოდ დადო კალამი და წერას თავი დაანება. მისი დაავადება ედისონის სახელითაა ცნობილი, იწვევს საერთო სისუსტეს, რევმატიზმს… მალევე შეექმნა სიარულის სირთულე და ლოგინს მიეჯაჭვა. მაისში კასანდრამ და ჯენრიმ უინჩესტერში წაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც მალევე, 17 ივლისს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.