მეფე ერეკლეს შვილის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის

ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი 1770 წელსაა დაბადებული. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, ხელმძღვანელობდა აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას.

ალექსანდრე ბატონიშვილს საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს, სურდა იულონ ბატონიშვილის გამეფება. როდესაც ქართლ–კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. 1802–1803 წლებში მან დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახჭევანის, განჯის) სახანოებს, შემდეგ კი, სპარსეთში წავიდა.

1803 წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სპარსეთის შაჰის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელთა მიზანი იყო ირანის გავლენის აღდგენა ამ მხარეში. ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა სამშობლოშიც და კავკასიის ხალხებშიც სახალხო აჯანყებები გამოეწვია, რისთვისაც მისი წარგზავნილები დაუღალავად მუშაობდნენ – დადიოდნენ სოფელ–სოფელ და ხალხში წერილობით თუ ზეპირ მოწოდებებს ავრცელებდნენ.

„ერეკლეს ძეს“ ყველგან იცნობდნენ, მათ შორის, კავკასიის მთიელებშიც და მისი ბრძოლის ლეგიტიმურობასაც ყველა აღიარებდა, მაგრამ ყოველთვის როდი ეხმაურებოდნენ მის მოწოდებებს. ამის მიზეზი იყო ქართველი ხალხის  გადაულახავი და სრულიად სამართლიანი სიძულვილი თავისი ისტორიული მტრებისადმი. ყველას კარგად ახსოვდა უახლოესი წარსულიდან, რას უქადდნენ საქართველოს სპარსელები, თურქები თუ ლეკები.

რუსეთის მთავრობა მთელი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა. ამისთვის მას საქართველოში გადმოსროლილი საკუთარი საჯარისო ნაწილები არ ჰყოფნიდა და მოხერხებულად იყენებდა ქართველების განწყობას აგრესიული მეზობლებისადმი. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ომებში ირან-ოსმალეთთან ქართველები თავს არ ზოგავდნენ. მაგ. ჭარის ბრძოლაში რუსებთან  ერთად თავდადებით იბრძოდა 4500  ქართველი.

რუსეთ–ირანის1804–1813 წლების ომის დროს ალექსანდრე ბაგრატიონი თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა რომ, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.

1812 წელს კახეთში აჯანყებამ იფეთქა. იგი სტიქიურად დაიწყო ახმეტაში და ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს. კავკასიის მეფისნაცვალმა, ფილიპე პაულიჩმა ჯერ დაყვავებით სცადა მათი დამორჩილება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მთავრობას ხალხში ნდობა სრულიად ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ აჯანყებულებზე რეგულარული ჯარი  მიუშვეს  და სასტიკად დაარბიეს. ამას, რასაკვირველია,  შემდეგ სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

1812 წლის შემოდგომაზე, აჯანყებულების მოწვევით, ალექსანდრე ბატონიშვილი 100-კაციანი რაზმით ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის სრულიად კანონიერ ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. თიანეთში მდგარ ბატონიშვილს უამრავი ხალხი მიუვიდა ქართლიდან, კახეთიდან, მთის კუთხეებიდან. ალექსანდრე ბაგრატიონმა თავიდანვე ყველასათვის მკაფიო და გასაგები საბრძოლო ამოცანა დასახა: სამხედრო გზის ჩაკეტვა, კახეთის შემომტკიცება და ქართლის აჯანყება. ამას უნდა მოჰყოლოდა ირანიდან დამხმარე ჯარის შემოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მთავრობა დათანხმდებოდა სამეფოს აღდგენას, მაშინ საქმე მშვიდობიანად მოგვარდებოდა.

სამხედრო საქმეში გაწაფულმა ბატონიშვილმა საბრძოლო რაზმები სამ ნაწილად დაყო და თითოეულს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის ჩაკეტვა დაავალა, რათა რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან შევსების მიღებისა და გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდათ. კავკასიის იმდროინდელმა მთავარსარდალმა, რტიშჩევმა საქართველოში მყოფი მთელი ძალების მობილიზაცია გამოაცხადა, კავკასიის ლინიიდან ბატალიონები დაიბარა და ყოვლად უპერსპექტივო და სამარცხვინო განცხადება გამოაქვეყნა – ალექსანდრე ბატონიშვილის მკვლელობაზე 2 ათასი ჩერვონეცი დააწესა.

კახეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე ერეკლეს ძე დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე იქ დაყო საერთაშორისო მოვლენების ირანის სასიკეთოდ შემოტრიალების მოლოდინში. ამ ხნის მანძილზე აბას-მირზამ მრავალჯერ მოსთხოვა რუსეთს დაუბრკოლებლად გაეტარებინათ ალექსანდრე ბაგრატიონი ირანის საზღვარზე, მაგრამ რუსეთის მთავრობა ბატონიშვილის ირანში წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო  და მისი გადაბირებაც არაერთხელ სცადა.

1818 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა მოახერხა რუსი მესაზღვრეების შეუმჩნევლად ახალციხეში გადასვლა და აქედან გაემგზავრა ირანში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1820 წლის მაისში ალექსანდრე ბაგრატიონი დაქორწინდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე. ჯვრისწერა გაიმართა ეჩმიაძინის ტაძარში. სპარსეთის შაჰის მემკვიდრემ და აზერბაიჯანის ჯანიშინმა აბას-მირზამ ალექსანდრეს რამდენიმე სოფელი აჩუქა სალმატის მაზრაში, საიდანაც მან საცხოვრებლად აირჩია სოფელი ხოსროვი, სადაც სომხები და ასურელები ცხოვრობდნენ. იქვე შეეძინა ვაჟი ირაკლი.

ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა რუსეთ–სპარსეთის 1826–1828 წლების ომში. ამ ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ მან ოჯახთან ერთად თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი, მოგვიანებით კი, ცოლ-შვილი ერევანში, სიმამრის ოჯახში გაგზავნა. 1827 წელს ერევანი რუსეთის ხელში აღმოჩნდა. საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ როზენის მეშვეობით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, დაეყოლიებინა ალექსანდრეს მეუღლე შვილის პეტერბურგში გაგზავნაზე. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 1834 წელს ირაკლი ბატონიშვილი (1827-1882) გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც შეიყვანეს პაჟთა კორპუსში და დაუნიშნეს პენსია. სამხედრო სამსახურში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება, მაგრამ რუსეთში ყოფნა არ ისურვა. თბილისში დაბრუნების ნებართვა 1844 წელს მიიღო მიხეილ ვორონცოვისაგან. საქართველოში ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. 1860-იანი წლების დასასრულს  სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც  გაიცნო ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილი თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე.

სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა 1844 წელს, თავრიზში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები