ნინო ლაცაბიძე: ჰამლეტ გონაშვილის სკვერი ქალაქს დაუბრუნდა ისეთი, როგორიც კიდევ უფრო მეტად ხაზს გაუსვამს ჩვენი ქართული ტრადიციების სიყვარულს
რუსთავში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლი ,,რუსთავი” 1968 წელს, 55 წლის წინ სწორედ რუსთავში დაარსდა.
ჰამლეტ გონაშვილის სახელობის განახლებული რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ანსამბლ ,,რუსთავის” წევრებთან, სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
ლაცაბიძის თქმით, დღეიდან, ეს სივრცე ძალიან ბევრ, კარგ ქართულ და ტრადიციულ ღონისძიებას უმასპინძლებს.
,,ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა გუნდმა შევძელით რუსთაველების ამ დიდი სურვილის ასრულება. ჰამლეტ გონაშვილის სკვერი ქალაქს დაუბრუნდა ისეთი, როგორიც კიდევ უფრო მეტად ხაზს გაუსვამს ჩვენი ქართული ტრადიციების სიყვარულს. მიხარია, რომ განახლებულ და გამწვანებულ სივრცეში, დღეს გავხსენით ანსამბლ ,,რუსთავის”, რომელიც ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი სიამაყით ავსებს, ვარსკვლავი. განახლებულ სკვერს დაუბრუნდა ჩვენი სახელოვანი ლოტბარის ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი, ასევე გავხსენით ფესტივალ ,,ქართულის” სიმბოლოს ძალიან ლამაზი მონუმენტი. დღეიდან, ეს სივრცე ძალიან ბევრ, კარგ ქართულ და ტრადიციულ ღონისძიებას უმასპინძლებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ანსამბლ ,,რუსთავისა” და სხვა ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებული მწვანე სივრცის სრული განახლება, რუსთავის მერიამ, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში განახორციელა.
რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცის მთავარ შესასვლელს დაუბრუნდა ჰამლეტ გონაშვილის აღდგენილი ბიუსტი, სკვერის მეორე მხარეს კი რუსთავის ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ – ,,ქართულის” ლოგოს იდენტური, ქართულის მოცეკვავე ქალ-ვაჟის მონუმენტი განთავსდა.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” ვარსკვლავი, მრავალჟამიერის ფონზე გაიხსნა, რომელიც ანსამბლმა ,,რუსთავმა” შეასრულა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,სალხინომ” კი სპეციალურად დადგმული პერფორმანსი წარადგინა. ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
ანსამბლ ,,რუსთავის” ვარსკვლავის გახსნით, რუსთავის მერიამ კიდევ ერთ კარგ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და ქართული სიმღერის კორიფეს – ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სივრცეში, პერიოდულად ვარსკვლავს სხვა ფოლკლორულ ანსამბლებსა და შემსრულებლებსაც გაუხსნიან.