როგორ აქცია ჯეინ გუდოლი სათამაშო შიმპანზემ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანთროპოლოგად
ბრიტანელი პრიმატოლოგი, ეთოლოგი და ანთროპოლოგი ჯეინ გუდოლი 1934 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მამა ბიზნესმენი იყო, დედა კი, მწერალი. გუდოლის გადმოცემით, ცხოველებისადმი ინტერესი მამის მიერ ნაჩუქარმა სათამაშო შიმპანზემ გაუღვივა. 18 წლის ასაკში სწავლა შეწყვიტა და კინოგადაღებებზე დაიწყო მუშაობა მდივნად და ასისტენტად, სანამ აფრიკაში არ მიავლინეს. იქ გუდოლი პალეონტოლოგ და ანთროპოლოგ ლუის ლიკის დამხმარედ მუშაობდა. ლიკისთან ურთიერთობის წყალობით, 1960 წელს შეძლო, ბანაკი დაედგა ტანზანიის გომბე-სტრიმის ნაკრძალში (შემდეგ ეროვნული პარკი), რათა ამ რეგიონში შიმპანზეების ქცევას დაკვირვებოდა.
1964 წელს ცოლად გაჰყვა მისი საქმიანობის გასაშუქებლად აფრიკაში ჩასულ ნიდერლანდელ ფოტოგრაფს და არისტოკრატს, ბარონ ჰუგო ვან ლავიკს (შემდეგ განქორწინდნენ). 1965 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა გუდოლს ეთოლოგიაში დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამგვარად, ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დოქტორის წოდება ბაკალავრის ხარისხის ფლობის გარეშე აქვს მიღებული. ხანმოკლე შესვენებების გარდა გუდოლი და მისი ოჯახი გომბეში 1975 წლამდე ცხოვრობდნენ. ის ხშირად ხელმძღვანელობდა ამ რეგიონში სხვა დოქტორანტების საველე სამუშაოებსაც. 1977 წელს მან კალიფორნიაში დააფუძნა ჯეინ გუდოლის ველური ბუნების კვლევის, განათლებისა და კონსერვაციის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ ვაშინგტონში დაბინავდა. გუდოლი, ასევე, არის სხვა ინიციატივების ავტორი, მანვე 1991 წელს შექმნა ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამა Jane Goodall’s Roots & Shoots.
მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გუდოლმა შეძლო შიმპანზეების შესახებ არაერთი არასწორი შეხედულების შეცვლა. მან დაადასტურა, რომ ეს ცხოველები ყოვლისმჭამელი არსებები არიან, შეუძლიათ იარაღების შექმნა და გამოყენება და ავლენენ რთულ სოციალურ ქცევებს. გუდოლი არის არაერთი სამეცნიერო და საბავშვო წიგნისა და სტატიის ავტორი. მათ შორისაა ცნობილი „კაცთა ჩრდილქვეშ“ (In the Shadow of Man, 1971). თავისი აფრიკული საქმიანობა გუდოლმა შეაჯამა წიგნში „გომბეს შიმპანზეები: ქცევის ტიპები“ (The Chimpanzees of Gombe: Patterns of Behavior, 1986).
მან შემდგომ წლებშიც განაგრძო მეცნიერული და საგანმანათლებლო მუშაობა გარემოს დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებზე. 2002 წელს გაერომ ის მშვიდობის ელჩად დაასახელა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება, მათ შორის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის, ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი „ჯეინი“.