“მცდელობაა, ქართველი ხალხი დაიზაფროს, თითქოს, ყველა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის და ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება” – გორდულაძე
“სახეზე გვაქვს ქართველი ხალხის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დაიზაფროს, თითქოს ყველა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის, თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება და ამის ფონზე მაინც გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც მაგალითად მოლდოვას გვადარებენ, სადაც უბრალოდ გაუქმებულია ყველა ოპოზიციური პარტია, სადაც საერთაშორისო შეფასებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ კორუფციის მაღალი დონეა, ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ისეთი მოცემულობებია, რაც დემოკრატიას არ შეესაბამება და ამ დროს გვადარებენ ჩვენ, თითქოს საქართველოში შავი ღრუბლებია ჩამოწოლილი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშემწყობ განცხადებებს. ეს არის იმის მცდელობა, რომ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს, რომ როგორმე ქართველი ხალხი მოტყუვდეს. სახეზე გვაქვს ქართველი ხალხის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დაიზაფროს, თითქოს ყველა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის, თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება და ამის ფონზე მაინც გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანი. ნებისმიერი ასეთი განცხადება ხელს უწყობს იმას, რომ ქართველი ხალხი და შესაბამისად „ქართული ოცნება“ ხალხთან ერთად გაერთიანდეს და იდგეს მყარად ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენს ქვეყანაში დამთავრებულია დრო, როდესაც ვინმე მითითებების შესაბამისად მოქმედებდა. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ნებისმიერი ქმედება ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად, ყოველთვის ქართველი ხალხის არჩევანია „ქართული ოცნება“, ხალხმა უკვე რვაჯერ გააკეთა ეს არჩევანი და მეცხრედაც გაკეთდება ეს არჩევანი 26 ოქტომბერს. მას შემდეგ რაც დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, ასევე აშშ-ში, მას შემდეგ რაც დასრულდება საქართველოს გარშემო ომის ქარცეცხლი და შესაბამის გავლენიან ჯგუფებს აღარ ექნებათ სხვა ინტერესები, შეიცვლება ნებისმიერი ნარატივი და დაუბრუნდება ურთიერთობები იმ კალაპოტს, რომელსაც ჰქვია ორ თანაბარუფლებიან სუბიექტს – საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის ურთიერთობა”, – აღნიშნა გორდულაძემ.