Iran Air-მა ევროკავშირის სანქციების გამო ევროპაში ფრენები გააუქმა
ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ევროპაში ყველა ფრენას აუქმებს,- ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ავიაკომპანიის მგზავრებს ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობეს, რომ მათი რეისები ევროპის მიმართულებით გადაიდო.
მგზავრებმა სიტუაციაში გარკვევის მიზნით თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტსაც მიმართეს, სადაც აგრეთვე დაუდასტურეს, რომ Iran Air-მა ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა. ოფიციალურ მიზეზად ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები სახელდება.
აღსანიშნავია, რომ Iran Air-ი იყო ერთადერთი ირანული ავიაკომპანია, რომელიც ევროპაში რეგულარულ რეისებს ასრულებდა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა 14 ოქტომბერს ირანული ავიაკომპანიების Iran Air, Mahan და Saha წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. სანქციების დაწესების ოფიციალურ მიზეზად ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა სახელდება.