ბალტო : გმირი ძაღლის ნამდვილი ისტორია
ციმბირული ჰასკი ბალტო 1925 წელს ეროვნული გმირი გახდა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ სახიფათო მოგზაურობაში, რომელიც მიზნად ალასკაზე ადამიანების სიცოცხლის სიცოცხლის გადარჩენას და მათთვის წამლების მიწოდებას ისახავდა მიზნად. მისმა გამბედაობამ და გამძლეობამ არა მხოლოდ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, არამედ მარხილის ძაღლების წარმოუდგენელ შესაძლებლობებსა და გუნდური მუშაობის ძალას გაუსვა ხაზი.
1925 წლის იანვარში ალასკას შტატის შორეულ ქალაქ ნომში დიფთერიის ეპიდემია დაიწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, საფრთხეს უქმნიდა. ნომის ერთადერთ ექიმს, კერტის უელჩს, სასწრაფოდ სჭირდებოდა დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი. თუმცა, უახლოესი მარაგი ნომიდან 600 მილზე მეტი მანძილით იყო დაშორებული. ქარბუქებისა და უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც -51°C-მდე აღწევდა, წამლის ჩატანას ვერცერთი თვითმფრინავი ან გემი ვერ მოახერხებდა.
საბოლოოდ, ამ მისიის შესრულება მარხილის ძაღლებს დაევალათ, რომელთაც შრატი გაყინულ რელიეფზე უნდა გადაეტანათ. 20 ე.წ. მუშერი (მარხილის მძღოლი) და ძაღლები სახიფათო მოგზაურობაში გაემგზავრნენ, რათა შრატი ნენანადან ნომამდე მიეტანათ.
ბალტო გუნარ კაასენის გუნდის წევრი იყო, რომელმაც ესტაფეტის ბოლო ეტაპიც გაიარა. მარშრუტის ეს მონაკვეთი ყველაზე საშიში აღმოჩნდა. ძლიერი ქარბუქი, თითქმის, მთლიანად ზღუდავდა ხილვადობას. ერთ მომენტში კაასენმა და ბალტომ გზაც კინაღამ დაკარგეს ძლიერ ქარიშხალში.
მიუხედავად დაღლილობისა და სიცივისა, ბალტო თავდაჯერებულად ხელმძღვანელობდა ძაღლების გუნდს და სწორ მიმართულებას ინარჩუნებდა. ის არ დანებდა და, მისი მონდომების წყალობით, გუნდმა 1925 წლის 2 თებერვალს შრატი დანიშნულების ადგილზე ჩაიტანა, რამაც ეპიდემიის შეჩერება და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა გახადა შესაძლებელი.
ბალტოს გმირობამ მაშინვე მიიპყრო მთელი ქვეყნის ყურადღება და იგი გამბედაობისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. მოგზაურობიდან მალევე ის და მთელი გუნდი ნიუ-იორკში მიიყვანეს, სადაც აღლუმით დახვდნენ. იმავე წლის დეკემბერში, მის პატივსაცემად, ცენტრალურ პარკში ბალტოს ქანდაკება წარწერით დაიდგა: „გამძლეობა, ერთგულება, ინტელექტი“.
მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ესტაფეტაში ბევრი ძაღლი მონაწილეობდა, მისი სიმბოლო სწორედ ბალტო გახდა. მისმა ამბავმა ხაზი გაუსვა ჩრდილოეთში მარხილის ძაღლების მნიშვნელობას და მათ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს.