ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.