იონათამიშვილი – პარლამენტის წინ მიმდინარე შუქრუთის აქციაზე: ჩვენი ჩართულობით შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩართულობით შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე, შუქრუთის აქცია შეწყდა.
“ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც შუქრუთის მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე, ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები. ამ სამუშაო ჯგუფში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. ჩვენ ამ პროცესს გავუწევთ ფასილიტაციას. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა საკითხი, რომელიც მხარეებს აწუხებს, სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაწყდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.