ნატახტარში ისტორიკოსთა და კონფლიქტოლოგთა კონფერენცია ჩატარდა

12-13 ოქტომბერს ნატახტარში, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, ისტორიკოსებისა და კონფლიქტოლოგების კონფერენცია ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული კონფერენცია დასკვნითი ღონისძიება იყო პროექტისა – “გაუცხოებიდან ურთიერთგაგებამდე”, რომლის მიზანიც კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებაში პროფესიული დიალოგის განვითარებას ემსახურებოდა.

“კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, გაყოფილ საზოგადოებაში ისტორიკოსებს შორის პროფესიული დიალოგის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე იყო. შეხვედრის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ზურაბ ბრაგვაძის ხსოვნას მიეძღვნა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფერენციაზე განხილული იყო როგორც ზურაბ ბრაგვაძის ინიციატივებისა და განხორციელებული პროექტების დამსახურება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში, ისე – ისტორიკოსთა პროფესიული დიალოგის მიღწეული შედეგები და მომავლის პერსპექტივები.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ პროცესის მონაწილე, რადგან გულწრფელად მგონია, რომ ამ მიმართულებით უკვე ხელშესახები შედეგებია მიღწეული და მნიშვნელოვანია ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. მადლობა მინდა, გადავუხადო შეხვედრის ორგანიზატორებს ამ საქმეში მამას დამსახურების ხაზგასმისთვის” – აცხადებს ზურაბ ბრაგვაძის შვილი, ისტორიკოსი დავით ბრაგვაძე.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნინო კალანდარიშვილი ამბობს, რომ ზურაბ ბრაგვაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა შორის პროფესიული კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის პროცესებს ჩაუყარა საფუძველი.

„მას ისტორიკოსისა და მკვლევრის ალღო ჰკარნახობდა, რომ სხვადასხვა, მაგრამ მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებს, არქეოლოგებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებს, ხოლო შემდგომ კი ისტორიკოსებს, საკუთარი პროფესიული, აკადემიური ინტერესების განვითარებისათვის ერთმანეთთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდებათ. მას ისიც კარგად ესმოდა, რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე შეიძლება, აღმოჩენილიყო მსგავსი პროცესები, მაგრამ სწორედ ერთი შეხედვით შეუძლებელში შესაძლებლობების დანახვა და სიმამაცე იყო ის თვისებები, რომელიც მას, როგორც მეცნიერს და როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან მომუშავე ადამიანს ახასიათებდა. და თუკი დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის ტრანსფორმაციულ პოტენციალზე, ეს სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაა“, – ამბობს ნინო კალანდარიშვილი.

ზურაბ ბრაგვაძე 2023 წლის 29 ნოემბერს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები