ექსკლუზივი: სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

რიგითი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტს დავით ბოლოთაურის ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც „კვირას“ ექსკლუზიურად ბოლოთაურის ნათესავებმა განუცხადეს, მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგეს. 18 წლის შვილის გარდაცვალების შესახებ დედამ მოგვიანებით შეიტყო. წვევამდელის ცხედარი საკუთარ სახლში ამ დრომდე არ მიუსვენებიათ. გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლების ინფორმაციით, დავით ბოლოთაური დღეს დილით, 6 საათზე, მამამ საკუთარი ავტომანქანით სამხედრო ნაწილში წაიყვანა.
10719213_781900495189171_2009557712_n„დათო ჯარში წელს გაიწვიეს. 3 სექტემბერს ფიცი მიიღო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით ჯარისკაცად ჩაირიცხა. სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა და მორიგეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. სამხედრო ნაწილიდან 30 სექტემბერს დაბრუნდა და, განაწესის თანახმად, მორიგეობა დღეს, 2 ოქტომბერს უწევდა. დილით, გამთენიისას, მამამ სამხედრო ნაწილში საკუთარი მანქანით წაიყვანა. დათო თავს არ მოიკლავდა. სამხედრო ნაწილში რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია“, – აღნიშნა გარდაცვლილის ნათესავმა.
აღსანიშნავია, რომ დათო უკანასკნელად მეზობლებმა გუშინ ნახეს.
„ძალიან კარგი ბავშვი იყო. ჩვენს უბანში ორივე ძმა ისე გაიზარდა, არავისთან კინკლაობა არ მოსვლიათ. მისალმებას ვერ დაასწრებდი. გუშინ შემხვდა. მოვიკითხე და გავამხნევე, ერთი წელი უცებ გაივლის-მეთქი. გამიცინა და თან მადლობა გადამიხადა. დედამისმა როგორ უნდა გადაიტანოს ეს ამბავი, ვერ წარმომიდგენია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ბოლოთაურების ერთ-ერთმა მეზობელმა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დათო ბოლოთაური ოჯახის უმცროსი შვილი იყო. დათოს უფროსმა ძმამ, 22 წლის გიორგიმ სამხედრო სავალდებულო სამსახური ორი წლის წინ დაასრულდა. უფროსმა ძმამ სავალდებულო სამსახური იმავე სამხედრო ნაწილში გაატარა, სადაც ამჟამად დავით ბოლოთაური მსახურობდა.
დავით ბოლოთაური თბილისის 30 -ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სკოლიდან გამოვიდა და პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. ის მობილური ტელეფონების შეკეთების ხელობას ეუფლებოდა.
ბოლოთაურები ოჯახით ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობენ. დედა დიასახლისია, მამა კი მძღოლია. ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ ნაშუადღევს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა რიგითი დავით ბოლოთაური საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.
1996 წელს დაბადებული დავით ბოლოთაური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები