პროკურორებმა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურორებმა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ფარგლებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების საკითხების განხილვას.

“შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები დაისვა გენდერულ სტერეოტიპებსა და ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე. მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს მათი სამართლებრივი ცოდნის ამაღლებისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრების განსაკუთრებულ როლს.

მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის – ,,არა ფემიციდს“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები წარწერებით – „არა ფემიციდს“ გადაეცათ.

საქართველოს პროკურატურისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიული მიმართულებაა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა. გაეროს მიერ დაწესებული ეს დღე ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები