მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ორგანიზაცია Nihon Hidankyo გახდა
ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა დაასახელა. პრემიის მფლობელი ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვისას გადარჩენილთა ორგანიზაცია, Nihon Hidankyo გახდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის წევრებმა ეს ჯილდო ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსთვის გაწეული ძალისხმევისა და იმის სადემონსტრაციოდ მიიღეს, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული.
ცნობისთვის, პრემიაზე წარდგენილი იყო 286 კანდიდატი. მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და სხვა.