პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის გადაწყვეტილებას, სასაზღვრო კონტროლის შესახებ, შეცდომას უწოდებს
სასაზღვრო კონტროლის შემოღების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილება შეცდომაა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ ყველა მეზობელთან საზღვარზე კონტროლის დაწესება შენგენის ზონის მნიშვნელობას ძირს უთხრის.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ. კონტროლის შემოღება შეცდომაა, რადგან არალეგალური მიგრანტების ნაკადის კონტროლის რეალური ადგილი, როგორც პოლონეთში, ისე გერმანიაში, შენგენის ზონის გარე საზღვარია“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონელი მინისტრის თქმით, შენგენის ზონა რომელიმე მისი წევრის საკუთრება არ არის.
„მისი პოლიტიკის მართვის საკითხები, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებთან მიმართებით, ერთობლივად უნდა გადაწყდეს და არა ცალმხრივად“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გერმანიამ საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან შემოიღო. სასაზღვრო კონტროლი გაძლიერებულია ასევე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან.