ტიპი დეგრე — პატარა გოგონა, რომელიც ცხოველებთან ერთად გაიზარდა
ტიპი დეგრეს ჰქონდა უჩვეულო და მომხიბვლელი ბავშვობა, რომელზეც ბავშვების უმეტესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია. ნამიბიაში, ველური ბუნების ფრანგი ფოტოგრაფების ოჯახში დაბადებულმა ტიპიმ თავისი ცხოვრების პირველი ათწლეული აფრიკის უდაბნოში გაატარა და გარეულ ცხოველებთან ღრმა კავშირი დაამყარა.
ტიპი დაიბადა 1990 წელს სილვი რობერტისა და ალენ დეგრეს ოჯახში, რომლებიც ნამიბიაში ველური ბუნების გადასაღებად გადავიდნენ საცხოვრებლად. იმის ნაცვლად, რომ ტრადიციულ სკოლაში შეეყვანათ, მშობლებმა ბავშვი ველური ბუნების სამყაროს აზიარეს. ოჯახი კარვებში ცხოვრობდა, ხშირად უდაბნოში ბანაკდებოდა, სადაც ტიპის პირადი ურთიერთობა ჰქონდა აფრიკის დაბლობებზე მცხოვრებ ცხოველებთან. მალე ის უშიშარი და ძალიან ცნობისმოყვარე გახდა. ტიპის საუკეთესო მეგობარი იყო აბუ, აფრიკული სპილო, რომელთანაც ის საათობით ატარებდა დროს. ტიპიმ, ასევე, დაამყარა მჭიდრო კავშირი ლეოპარდთან, სახელად J&B, ლომის ბოკვერთან და სურიკატების ოჯახთანაც კი.
ტიპის ურთიერთობა ცხოველებთან განსაკუთრებული იყო. ის ხშირად გაბედულად მიემართებოდა მათკენ ისე, თითქოს ერთნაირები იყვნენ და არავითარი საფრთხე არ არსებობდა. ცხოველები მის ქცევაზე გასაოცარი სიმშვიდით პასუხობდნენ. ტიპი აბუს, მის მეგობარს სპილოს, ზურგზე აჯდებოდა და უშიშრად უჯდებოდა გვერდით ლეოპარდს.
ტიპით ადგილობრივი ტომის წევრებიც მოხიბლულები იყვნენ, რადგან თავადაც კი ვერ ახერხედბენ ცხოველებთან ასეთი ღრმა კავშირის დამყარებას.
როდესაც ტიპი 10 წლის გახდა, მისი ოჯახი დაბრუნდა საფრანგეთში, რასაც მისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილების პერიოდი მოჰყვა. აფრიკის ღია ველებიდან ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ ცხოვრობდა ცხოველებთან, განვლილი პერიოდი ტიპისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი — „Tippi: My Book of Africa“ — რომელშიც მკითხველს საკუთარი მოგონებები გაუზიარა.